უსაფრთხოების საკითხებისა და ნატოს შესახებ ახალგაზრდული საერთაშორისო კონკურსს "ალიანტე 2010"-ის დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება. კონკურსის ისტორიის მანძილზე, საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა, სადაც “ალიანტეს” დასკვნითი ეტაპი ჩატარდება.

პროექტის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით 2010 წლის 27 იანვარს საქართველოს კონკურს “ალიანტეს” საერთაშორისო ორგანიზატორი, “იაგელო 2000”-ის (ჩეხური ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაცია) პრეზიდენტი - ბატონი ზბინეკ პავლასიკი ეწვია.

27-28 იანვარს ზბინეკ პავლასიკი ნაციონალურ კოორდინატორ ორგანიზაციის წევრებთან მიხეილ დევდარიანსა და ეკატერინე ცვარიანთან ერთად შეხვდა პარტნიორ და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში ბატონმა ზბინეკ პავლასიკმა მოინახულა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, სადაც ზაფხულში “ალიანტე 2010-ის” დასკვნითი ეტაპი გაიმართება და შეხვდა ნატოს საინფორმაციო ცენტრის, თავდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ივლისში 100-მდე უცხოელი ახალგაზრდა ეწვევა, რომლებიც, 3-4 დღის განმავლობაში, კონკრეტულ სავარჯიშოებსა და ამოცანებს გაივლიან. ფინალში გამარჯვებულები კი პოლონეთში გაემგზავრებიან.

28 იანვარი, 2010