არასამთავრობო ორგანიზაციათა მემორანდუმი თვითმმართველობის არჩევნებისათვის
ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივამ” 26 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს.
ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა მემორანდუმი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის შესახებ
ვაცნობიერებთ რა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულად წარმართვისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით, საქართველოში მოქმედი, ქვემოთ ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვაცხადებთ მაქსიმალურ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ არჩევნების თავისუფალ, კონკურენტულ, სამართლებრივ და სტაბილურ გარემოში ჩატარებას.
ამ მიზნის მისაღწევად:
- აქტიურად ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების დღის შემდეგ, რათა ვიმოქმედოთ კოორდინირებულად და უზრუნველვყოთ მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა, შეჯერება და გავრცელება.
- აქტიურად ვითანამშრომლებთ უცხოურ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რათა მივაწოდოთ მათ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საქართველოს საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზებისა და რისკების და ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.
- გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას დარღვევების დაფიქსირების და მათზე რეაგირების და ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოების სრულყოფილად და ობიექტურად ინფორმირების მიზნით.
- კონსტრუქციულ ურთიერთობას დავამყარებთ საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო სუბიექტებთან და საარჩევნო პროცესებში ჩართულ სხვა მხარეებთან და ვიმოქმედებთ მიუკერძოებლად.
2 თებერვალი, 2010











